ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას, რაც გულისხმობს მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის დაფინანსებას, რითაც შესაძლებელი იქნება, მთავრობის კიდევ ერთი „შატდაუნის“ თავიდან აცილება.
თუმცა, როგორც ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან, მიღწეული შეთანხმება არ გულისხმობს საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი თანხით დაფინანსებას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი კედლის მშენებლობისთვის 5,7 მლრდ დოლარს ითხოვს, ხოლო აღნიშნული შეთანხმება კედლის 1,37 მლრდ დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.
წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თეთრი სახლი მხარს დაუჭერს კონგრესის ინიციატივას.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურული იყო. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების დასაფინანსებლად 5,7 მლრდ დოლარს ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
გასული თვის ბოლოს, თეთრმა სახლმა და კონგრესმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის საქმიანობის განახლების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა მოკლევადიანი დაფინანსების დოკუმენტს, რომლის მოქმედებაც 15 თებერვლამდე გაგრძელდება.