გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ადრეული შუასაუკუნეების ეკლესია ნაგავსაყრელად არის ქცეული. სპეციალისტების შეფასებით, უხეშად არის დარღვეული ძეგლის დაცვითი ზონაც, რაც ეკლესიას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
ეკლესია სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მას ადგილობრივები `ყვავის საყდარს~ უწოდებენ. ეკლესია თავის დროზე სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ცენტრალური ეკლესია, ჩრდილოეთის მხრიდან მიშენებული პატარა სამლოცველოთი. ეკლესია ძალიან დაზიანებულია. მთლიანად არის ჩამოქცეული კამარა, დაბზარულია კედლები.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიკოსმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ძეგლი გადაუდებელ აღდგენა - რესტაცრაციას საჭიროებს. `ამ ეკლესიას კომუნისტები მრავალი წლის მანძილზე საწყობად იყენებდნენ. სამწუხაროდ, ამჟამად, ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას ნაგავსაყრელად იყენებს. ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში ატმის ბაღები აქვთ გაშენებული, რაც კანონის თანახმად ყოვლად დაუშვებელია. უხეშად არის დარღვეული ძეგლის დაცვითი ზონა, რაც მას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ეკლესია დამტვრეული ცემენტის ბოძებით და ათასგვარი ნაგვით არის გამოტენილი. ამ უმსგავსობის აღსაკვეთად ადეკვატური ზომების მიღებაა საჭირო~, - აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.