საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რომ რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სტატიას აქვეყნებს.
„ჩემი კოლეგა ჟურნალისტები ყოველდღიურად თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ დავნებდეთ იმ რეჟიმს, რომელიც თავად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩემი საკანი მწვანე ფერშია, იმ ფერში, რომელსაც რედაქციაში ვიყენებდით. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაკავებას ველოდი, ვხუმრობდი, რომ ციხე კითხვის საშუალებას მომცემდა. მაგრამ აქ, რუსთავის N 5 ქალთა კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ ახლა, მოახლოებულ სიბნელეში ვწერ იმ სიბნელის შესახებ, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს ნელ-ნელა მოიცავს. ბოლო რვა თვის განმავლობაში, ეს ჩემი ცხოვრებაა საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და ჩვენი სულისკვეთების გატეხვას“, - წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი ევროპას მოუწოდებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას მხარი დაუჭირონ.
"საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ მდგრადობა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებისა და გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ამ ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების საწინააღმდეგოდ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.
რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ჭეშმარიტად პასუხისმგებელნი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.
საქართველოსთვის მხარდაჭერის შეთავაზება არა მხოლოდ სოლიდარობის აქტია – ეს პრაგმატული არჩევანიცაა. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი საფრთხეს შეუქმნის საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის დაჯილდოება იქნებოდა.
საქართველოს ეროვნული დევიზია „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას.
ჩვენ ვეკუთვნით არა დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე ოდესმე, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა. და საქართველოში ჩვენ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით იმ ყველაფრით რაც გვაქვს – კალმით, ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.
ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლის ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს, ერთად ჩვენ შეგვიძლია სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ. რადგანაც, თავისუფლება ჭეშმარიტად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“, - აცხადებს მზია ამაღლობელი.["ბათუმელებო"]