ჩვენი მიზანი არ არის ვიტრაბახოთ, თუ რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ეს თითოეულმა ოჯახმა იცის. გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და მთლიანი შიდა პროდუქტი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან ‘'ეკონომიკური თავისუფლების აქტი'' წარმიადგინა.
მისი თქმით, არცერთი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში არ ყოფილა ისეთი გამართლებული და წარმატების ისეთი მომტანი, როგორიც მაქსიმალური ლიბერალურ თავისუფლებაზე დაფუძნებული ეკონომიკის შენება გამოდგა.
"ჩვენ გადავიტანეთ უმძიმესი გამოცდები, რუსული აგრესია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ჩამოშალა ჩვენზე ბევრად უფრო წარმატებული ქვეყნების ეკონომიკები. ერთიც და მეორეც, ცალკე აღებული საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩვენი, ჯერ კიდევ ძალიან ფაქიზი ეკონომიკა მოთხრილიყო, ისე როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე მოხდა. რომ არა რეფორმები, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ეკონომიკა და ინვესტიციები. სწორედ ლიბერალურმა გარემომ, ეკონომიკაში მთავრობის მხოლოდ მინიმალურმა ჩარევამ და შემცირებულმა გადასახადებმა შეგვაძლებინა ის, რომ საქართვლო გახდა ინვესტორთა რადარებზე ერთ ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, იქცა კაპიტალის ჩასადებად ძალიან სერიოზულ ქვეყნად მიუხედავად წარმოუდგენელი პოლიტიკური სირთულეებისა. ჩვენ შევძელით მთავარი - საქართველოს მიმართ გაჩნდა ნდობა", - განაცხადა სააკაშვილმა.