"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის გამო.
კახიძე ამბობს, რომ უვადო მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.
“ჩინჩალაძის გამწესება უზენაეს სასამართლოში უვადოდ არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან აქვს რამე პროტესტი ამასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეს პროტესტი, მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ, მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა. რაც შეეხება ქალბატონი ბესელიას თემას, იგი ივანიშვილის სურვილით გაუშვეს ამ შემთხვევაში თანამდებობიდან და ეს არ ყოფილა რაღაც პრინციპული საკითხი, რომელიც შემოგვასაღეს საზოგადოებას, რომ რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა, ეს ასე არ არის“, - ამბობს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის 27 დეკემბერს დატოვა. თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილმე ვანო ზარდიაშვილმაც. 2018 წლის 31 დეკემბერს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე გედევან ფოფხაძეს უნდა შეესრულებინა კომიტეტის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა. საუბარია, 10-კაცვია საიზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
დღეს, 3 იანვარს, „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.