საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე საგანგებო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ეკა ბესელიას პროტესტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა იყო.
ქუცნაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბესელიასთან კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.
„ბატონმა ბიძინამ აცილება მისცა თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში. მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან ის არ არის ფრაქციის წევრი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა აგვისტოს თვეში-ეს ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარემ. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად ბრძანა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო აგვისტოს თვეში“-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
კითხვაზე, რა მიზეზი დასახელდა, თუკი მართლა აგვისტოს თვეში გადაწყდა ბესელიას წასვლა, ქუცნაშვილი ამაზე არ საუბრობს. მისი თქმით, ის მხოლოდ იმას ამბობს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა იურიდიული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშილმა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.