ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტიაში არსებული განხეთქილება და დაპირისპირება განიხილება. დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.