95 წლის წინ, 1923 წლის 19 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერა შედგა.
ოპერა დადგა კოტე მარჯანიშვილმა, დირიჟორობდა ზაქარია ფალიაშვილის ძმა ივანე ფალიაშვილი. მალხაზის პარტიას ასრულებდა გამოჩენილი ქართველი ტენორი ვანო სარაჯიშვილი, რომელსაც სპექტაკლის განმავლობაში მაყურებლის მოთხოვნით ზედიზედ სამჯერ მოუწია მალზახია არიის („თავო ჩემო“) შესრულება. ქორეოგრაფიული ნომერი „ლეკური“ შეასრულა ილიკო სუხიშვილმა.
პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.
პრემიერის შემდეგ, მაყურებლის წინაშე გამოსული ზაქარია და ივანე ფალიაშვილები დიდხანს ვერ გადიოდნენ კულისებში. მაყურებლის ტაში არ ნელდებოდა. ეს კი „დაისის“ გამარჯვებას ნიშნავდა.
აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები გაგრძელდა ოპერის შენობის წინაც, სადაც ახალგაზრდები დახვდნენ კომპოზიტორს და მადლობა გადაუხადეს.
“რაც შეეხება “დაისს”, აქ იგივე ქართული მელოდიები და ამ უკანასკნელთა კოლორიტზე საკუთრივ შეთხზული მუსიკა ჩამოყალიბებულია ევროპული მუსიკის უფრო ფართო ფარგლებსა და ფორმებში, რაც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლივ ამოცანად უნდა ჰქონდეს დაყენებული ყოველ ქართველ მუსიკოს-კომპოზიტორს. ამის გამოა, რომ,როცა მე “დაისსა” ვწერდი, სრულიად შეგნებულად გადავუხვიე იმ სტილს წერისას, რომლითაც მე ვხელმძღვანელობდი “აბესალომის” შეთხზვის დროს. ამითი მე ის არ მინდა ვთქვა, რომ “დაისი” “აბესალომსა” სჯობდეს და სხვა…”, - ამბობდა „დაისის“ შესახებ ზქარია ფალიაშვილი.
ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. “დაისის” მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკიური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამავე ოპერის ლიბრეტო. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ახალი ნაწარმოების სახელწოდებად განზრახული იყო „ორთა მიჯნური“ ანდა – „ღამის თევაზე“. „დაისი“ ოპერის დაწერის შემდეგ, ბოლო მომენტში გამოიკვეთა.
საზოგადოების აღტაცების მიუხედავად კომპოზიტორმა ცვლილებები შეიტანა ოპერაში - დაამატა მალხაზის არია პირველ მოქმედებაში და ცალკეული ნომრები მეორე მოქმედებაში.
პირველი მოქმედება
სოფელი საეკლესიო დღესასწაულის – ხატობისთვის ემზადება. ნანო მოუთმენლად ელის დღესასწაულის დაწყებას. მისი მეგობარი მარო კი მოწყენილია, რადგან დიდი ხანია არაფერი ისმის სატრფოსგან – მალხაზისგან, რომელიც შორეულ მხარეს გაემგზავრა. მაროს ისიც ამძიმებს, რომ ის თავისი ნების წინააღმდეგ არის დანიშნულია ასისთავ კიაზოზე.
ნანო მაროს მალხაზის ჩამოსვლას ამცნობს... მალხაზი მაროს დანიშვნის თავზარდამცემ ამბავს იგებს.
გლეხის ბიჭი ტიტო და მესტვირე ცანგალა ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებიან.. ტიტო იმარჯვებს. გაბრაზებული ცანგალა ჩხუბს წამოიწყებს. თანასოფლელები მათ აშველებენ.
ნანოს წრეში მარო და მალხაზი შეჰყავს. ცანგალა ემუქრება ნანოს, რომ ამ ამბავს კიაზოს აცნობებს. ნანო თავიდან იცილებს აბეზარ მესტვირეს... მალხაზი მაროსთან განმარტოებას ლამობს, მაგრამ მარო ხელიდან უსხლტდება. მალხაზი დარდს მიეცემა.
მეორე მოქმედება
დღესასწაული ეკლესიის ეზოში გრძელდება. ცანგალამ კიაზოს მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბავი შეატყობინა. კიაზო შურისძიების გრძნობით ანთებული ღვინოს ეძალება. მარო აღელვებულია, რადგან მეტოქეების შეხვედრას ელის. ნანო შეყვარებულებს კიაზოს მოახლოებას ატყობინებს. მაროს და ნანოს თხოვნით მალხაზი მათ გაეცლება.
მოულოდნელად განგაში იწყება. სამშობლოს მტერი შემოესია და კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს.
მესამე მოქმედება
ცანგალასგან მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბის გაგების შემდეგ, კიაზო მაროს პასუხს თხოვს. მარო აღარ მალავს თავის გრძნობებს მალხაზისადმი. მალხაზის გამოჩენა ვითარებას ამწვავებს. კიაზო შეყვარებულთა სასწრაფოდ განშორებას ითხოვს. იმართება ორთაბრძოლა. მოლაშქრეთა სიმღერის გაგონებაზე წუთიერად გონს მოეგებიან მეტოქეები… კიაზო მახვილით განგმირავს მალხაზს. მარო დასტირის სატრფოს. ხალხი კიაზოს კიცხავს და სამშობლოს დასაცავად მიემართება.