საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ვარდების რევოლუციით" რევოლუცია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაშიც დაიწყო.
როგორც სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბოლო წლების საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე საუბრისას განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკას არაერთმა ქარბობალამ გადაუარა.
"90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ბევრი პრობლემა გადავლახეთ, ბევრს გავუმკლავდით, თუმცა ბევრმა ძალიან დაგვაზარალა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველა პრობლემურმა გამოწვევამ ჩვენს ეკონომიკას ქარბორბალასავით გადაუარა. გადავიტანეთ პოლიტიკური აშლილობისა და ქაოსის უმძიმესი წლები. იყო პერიოდები, როდესაც საქართველოში განუკითხავად თარეშობდნენ კრიმინალები, კანონმდებლები ქურდობდნენ და ქურდები გვიწესებდნენ კანონებს, როცა არა თუ ურთიერთობების, არამედ აზროვნების ერთადერთი ფორმა იყო კორუფცია და კანონი მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ მის დარღვევას საფასური ჰქონდა. მე არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ სხვა ტრაგიკულ შედეგებთან ერთად ყოველი მათგანი კიდევ უფრო მეტად აზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას. ამას ემატებოდა ეკონომიკური პოლიტიკის სრული არარსებობა. შედეგად უფრო მეტად ღარიბდებიდა ჩვენი ხალხი და იკარგებოდა სამუშაო ადგილები. ხაზინა იყო ცარიელი, არ გაიცემოდა ხელფასები, ქვეყნის მთავარი მოქმედი პირი ქვეყნის ეკონომიკაში იყო მაიკლ სქოული, ეი-ეს-თელასის ცნობილი დირექტორი. არ იმუშავა არცერთმა ანტიკრიზისულმა გეგმამ და არც ერთმა უცხოურმა რეკომენდაციამ", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, "ვარდების რევოლუციამ" ყველაფერი შეცვალა.
"შემდეგ იყო "ვარდების რევოლუცია" და ამით დაიწყო რევოლუცია ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაში. ჩვენ ვთქვით, რომ ნაცვლად რეგულირებული ეკონომიკისა წავალთ ლიბერალური ეკონომიკის მიმართულებით. ვთქვით, რომ გამოსავალი გადასახადების გაზრდა კი არა შემცირება იყო. ვთქვით, რომ გამოსავალი საგადასახადო კოდექსის გართულებაში კი არა მის გამარტივებაში არსებობდა, რომ ეკონომიკას გადაარჩენს არა ახალი მარეგულირებლების და სახელმწიფო მაკონტროლირებლების შემქნა არამედ არსებულების გაუქმება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობა უნდა იყო მაქსიმალურად პატარა და მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი ჩარევა ეკონომიკაში. მაშინდელი გადმოსახედიდან ეს იყო გაკრიტიკებული, როგორც უტოპიური გადაწყვეტილება, თუმცა ერთი წლის თავზე საქართველოს ბიუჯეტი იყო გაურმაგებული, ფისკალური სტაბილიზაცია კი მიღწეული. სახელმწიფომ პირველად დაიწყო საპენსიო და სახელფასო დავალიანების გასტუმრება და რაც მთავარია, სახეზე იყო ეკონომიკის და ბიზნესის გამოცოცხლების პირველი აშკარა ნიშნები", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.