გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს დაეხმარება არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს წევრად საქართველოს არჩევა იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ქვეყანას ქალთა გაძლიერების კუთხით აქვს.
„დარწმუნებული ვარ, წევრობის 3-წლიან პერიოდში საქართველო შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევს და სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება, ნათელია, რომ სახელმწიფო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.
„საქართველო პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქალთა და გოგონათა გაძლიერების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვრჩება, ნათელია, რომ სახელმწიფო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად; თანასწორი გარემოს შესაქმნელად; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გასაზრდელად და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ საქართველოს აქვს ქალთა და გოგონათა უფლებებზე მუშაობისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საქმიანობა სულ უფრო ეფექტური ხდება.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით აირჩიეს.