პასუხისმგებლობისგან თავის არიდება კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას.
ნადირაშვილის თქმით, პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი.
"არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე ეს არის ქართული ოცნების სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. სიცოცხლეს გამოასალმა 25 წლის ადამიანი. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.