„ექსპერტთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) 30 ქართველი და უცხოელი ექსპერტისა და პოლიტიკური მიმომხილველის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
GIP-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტთა აზრით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით ხმათა 48 პროცენტს აიღებს. მეორე ადგილს ექსპერტები ხმათა 17 პროცენტით „ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებენ. გამოკითხულთა აზრით, ქვეყნის მასშტაბით 9 პროცენტს მიიღებს საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 7 პროცენტს, ხოლო ლეიბორისტული პარტია - 4 პროცენტს.
ცხრილი1: თქვენიაზრით, რამდენ პროცენტს მიიღებენ ქვემოთ ჩამოთვლილი პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით?
საინტერესოდ დაემთხვა ერთმანეთს ასევე, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა აზრები. ოპოზიციური პარტიების შანსები ექსპერტთა ორივე ჯგუფმა მეტნაკლებად, იდენტურად შეაფასა. ყველაზე დიდი ცდომილება ამ მხრივ მმართველი პარტიის შეფასებაში იყო. ქართველი ექსპერტები „ქართულ ოცნებას“ ხმების მხოლოდ 41,4 პროცენტს, ხოლო უცხოელი ექსპერტები - 54,5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ.
ექსპერტთა მოსაზრებები კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვანი იყო თბილისის მერის არჩევნებთან მიმართებაში. გამოკითხულ ექსპერტთა 97 პროცენტი მიიჩნევს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე გახდება. ოპოზიციონერ კანდიდატს (ალეკო ელისაშვილს) გამარჯვება გამოკითხულ 30 ექსპერტიდან, მხოლოდ ერთმა უწინასწარმეტყველა.
ამასთან, ექსპერტთა უმრავლესობა (72 პროცენტი) მიიჩნევს, რომ თბილისის მერის ვინაობის გამოსავლენად მეორე ტური გახდება საჭირო. ამ მხრივაც, ქართველ და უცხოელ მიმომხილველთა აზრი ერთმანეთს დიდი სიზუსტით დაემთხვა. დანარჩენი 28 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არჩევნებს პირველივე ტურში სამთავრობო პარტიის კანდიდატი კახა კალაძე მოიგებს.
ექსპერტთა ნაწილს ასევე ვკითხეთ, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის შესახებ. გამოკითხულთა შეფასებით, არჩევნებში მონაწილოების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაბალი იქნება და 42,7 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს ასევე სთხოვა, შეეფასებინათ ცალკეული ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პროგრამები და მათი შესაბამისობა თბილისში არსებულ სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ პრობლემებთან. გამოკითხულ ექსპერტთა აზრები ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაიყო: ყველაზე მეტი დადებითი ხმა ალექსანდრე ელისაშვილმა მიიღო (12), მას მცირედით ჩამორჩება ელენე ხოშტარია (9 ხმა). რამდენიმე ექსპერტმა დადებითად შეაფასა ასევე გიორგი ვაშაძის (6 ხმა) და ზაალ უდუმაშვილის (2 ხმა) პროგრამები.
ცხრილი2: მთავარი ოპოზიციური კანდიდატებიდან, თბილისში არსებული სატრანსპორტო , ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, რომელი მათგანი გვთავაზობს რეალური გადაჭრის გზებს?
კანდიდატი
|
დადებითი შეფასებების რაოდენობა
|
ალექსანდრე ელისაშვილი
|
12
|
ელენე ხოშტარია
|
9
|
გიორგი ვაშაძე
|
6
|
ზაალ უდუმაშვილი
|
2
|
არცერთი
|
6
|
„ექსპერტებს ვთხოვეთ, ასევე ოპოზიციური პარტიების სტრატეგიებისა და წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული შეცდომების შეფასება. ოპოზიციური ძალების მთავარ პრობლემად, გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ, „დაქსაქსულობა“, „კონსოლიდაციის უუნარობა“ და „საერთო კანდიდატის გარშემო არგაერთიანება“ დაასახელა. ექსპერტთა მიერ ნეგატიურად შეფასდა ოპოზიციური პარტიების მიერ საკუთარი პროგრამების ნაცვლად ერთმანეთის ანტიპიარზე კონცენტრირება და ზოგიერთი პარტიის შემთხვევაში წარსული იმიჯის ნეგატიური გავლენა.
გამოკითხულმა ექსპერტებმა ასევეშეაფასეს სამთავრობო კანდიდატის თბილისი მერობის კანდიდატის პროგრამაც. ექსპერტთა აზრი ამ შემთხვევაშიც გაიყო. გამოკითხულთა ნაწილი (21 პროცენტი) ფიქრობს, რომ კახა კალაძის პროგრამა თბილისში არსებულ გამოწვევებს „სუსტად პასუხობს“ ან „ვერ პასუხობს“, ნაწილი ფიქრობს, რომ „ნაწილობრივ პასუხობს“ (36 პროცენტი). „კარგად“ ან „ძალიან კარგად“ კალაძის პროგრამა გამოკითხულთა 26 პროცენტმა შეაფასა.
ცხრილი3: თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის პროგრამა რამდენად პასუხობს დედაქალაქში არსებულ პრობლემებს?
შეფასება
|
გამოკითხულთა რაოდენობა (პროცენტი)
|
სუსტად პასუხობს/ვერ პასუხობს
|
21
|
ნაწილობრივ პასუხობს
|
36
|
კარგად ან ძალიან კარგად პასუხობს
|
26
|
სხვა
|
17
|
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტთა უმრავლესობა, ცალკეული ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში ყველა ფრონტზე - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, კვლავ მმართველი პარტიის გამარჯვებას ელოდება. ქართველი და უცხოელი ექსპერტები თანხმდებიან იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს წარმატების მისაღწევად საკუთარ თავზე მეტი მუშაობა - და რაც მთავარია, ერთმანეთთან მეტი კოორდინაცია და საერთო იდეებისა და კანდიდატების ირგვლივ გაერთიანება სჭირდებათ. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა რომ, გამოკითხული რესპონდენტები სხვა ოპოზიციონერი პარტიების პროგრამებს უფრო დადებითად აფასებენ, მეორე ადგილს კვლავინდებურად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ არსებულ რეალობას, რომ საქართველოში პარტიების პროგრამებსა და მსოფლმხედველობას კვლავ არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა არჩევნების პერიოდში.“, - აცხადებენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.