საქართველოს ბანკმა საკუთარ მომხმარებელს იპოთეკურ სესხებზე ახალი შეთავაზება გაუკეთა. როგორც დღეს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭილაძემ განაცხადა, 15 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით იპოთეკურ სესხებზე ბანკი მომხმარებელს სესხის პირველი თვის საპროცენტო შენატანისგან გაათავისუფლებს.
მენეჯმენტი აცხადებს, რომ ასეთი შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას მისცემს უფრო თავისუფლად განაგოს საკუთარი ფინანსური სახსრები და არ შეიზღუდოს მის მოხმარებაში. იმავდროულად ბანკი საკუთარ კლიენტებს უფასოდ სიცოცხლის დაზღვევის პაკეტსაც შესთავაზებს.
იპოთეკური სესხით სარგებლობა შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 600 დოლარს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, საოფისე ფართის, ავეჯის, მშენებლობის ან სარემონტო მომსახურეობის შეძენა.
როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ განმარტა, ბოლო პერიოდში ლარზე სესხების მოთხოვნამ მოიმატა და ამ დროისათვის ლარსა და სხვა ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობა თითქმის ერთნაირია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ლარში სესხებს 15 პროცენტიდან, ხოლო სხვა ვალუტაში 14 პროცენტიდან გასცემს.