დღეს, 11 მაისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად კუს ტბაზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს სპეციალისტები თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის დაბინძურების ხარისხის შესამოწმებლად სპეციალურ სინჯებს აიღებენ, რომლებსაც რამდენიმე სახის ანალიზი (წყლის ტემპერატურა, ჟანგბადისა და მარილის შემცველობა, გამტარობა) სანაპიროზევე ჩაუტარდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ლაბორატორიული კვლევას ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური მანქანა-ლაბორატორის საშუალებით ჩაატარებენ. წყლის ქიმიური კვლევის შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ლაბორატორიებში ზედაპირული წყლების სანიტარული მდგომარეობა რეგულარად მოწმდება. დასვენების სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.
გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ. საველე პირობებში წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზის ჩატარება თანამედროვე აპარატურით და აღჭურვილობით მაღალ დონეზეა უზრნველყოფილი.