ხვალ, 16:00 საათზე, თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან, ვაზაგაშვილის ოჯახი და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალური დაფას აღადგენენ. ამის შესახებ დღეს, არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც აღნიშნული მემორიალის განადგურების ფაქტი გააპროტესტეს. დღევანდელ ბრიფინგს "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" "საზოგადოებრივი დარბაზის", "დაიცავი საქართველოს", "ქართული აკადემიის", მოძრაობის "რატომ", "კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის", "სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საზოგადოების", მოძრაობის "7 ნოემბერი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წევრები ესწრებოდნენ.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, იმ შემთხვევაში თუ ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფა, აღდგენის შემდეგ ისევ განადგურდება, უფლებათა დამცველები ხელისუფლებას პასუხს საზოგადოებასთან ერთად მოსთხოვენ.
აღნიშნული მემორიალის განადგურებას ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა 1 ივნისს, დაუდგენელმა პირებმა გაანადგურეს.