საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები ერთიანდება. გილაურის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსი მორგებულია ბიზნესზე და ყველა ის პრობლემა, რაც დღემდე ბიზნესს ჰქონდა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
"ჩვენი მიზანია, საგადასახადო კოდექსი დაახლოებული იყოს ბიზნესის მოთხოვნასთან, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძველ კოდექსში იყო ისეთი მუხლები, რომლებიც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, რის გამოც, გადავწყვიტეთ კოდექსის თავიდან დაწერა. სანამ პარლამენტი ახალ კოდექსს დაამტკიცებს, ვთხოვ ბიზნესმენებს, გაეცნონ ახალ კოდექსს, მის თითოეულ მუხლს, ექსპერტებთან და საქმეში ჩახედულ ადამიანებთან ერთად გაიარონ და მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრება, რამდენად მისაღებია ეს კოდექსი ბიზნესისთვის", _ განაცხადა გილაურმა.
როგორც გილაურმა განმარტა, ახალ საგადასახადო კოდექსში ჩნდება მიკრომეწარმისა და მცირე მეწარმის ცნებები. მიკრომეწარმედ ჩაითვლება პირი, რომლის წლიური ბრუნვა არის 30 000. ეს მეწარმე ვალდებულია, დარეგისტრირდეს საგადასახადოში, თუმცა მას არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლება ის კომპანია, რომლის სავაჭრო ბრუნვაც 100 ათასიდან 200 ათასამდეა.
აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეს დღგ-ის გადასახადი არ მოუწევს. იგი მხოლოდ ბრუნვაზე მიბმულ გადასახადს გადაიხდის. როგორც გილაურმა განაცხადა, ბრუნვაზე მიბმული გადასახადი მთლიანი ბრუნვის 3-5 %-ს შეადგენს.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ჩამოყალიბდება აუდიტორთა უმაღლესი საბჭო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. თუ რომელიმე კომპანიას დღემდე არ ჰქონია რაიმე საგადასახადო შეცდომა და გადაცდომა, საგადასახადო კი მას რაიმე დანაშაულს უპოვის და მის დაჯარიმებას მოინდომებს, საგადასახადო ვალდებულია, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც გადაწყვეტს, დაჯარიმდეს თუ არა კოპანია.
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, საბჭოს შემოღება მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე არსებობდა ისეთი კომპანიები, რომლებიც თეთრად და სუფთად მუშაობდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ბუღალტრული გადაცდომებისთვის საგადასახადო ინსპექტორები აჯარიმებდნენ. ამით კი კომპანიას სახელი უტყდებოდა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ყოველთვიური დღგ-ის გადასახადი უქმდება და მეწარმეს მისი გადახდა კვარტლურად მოუწევს. ეს კი ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციაა, რადგან მეწარმეს ყოველთვიურად აღარ მოუწევს გადასახადის გადახდა და თავის წარმოებაში თანხის ჩადებას შეძლებს.
ახალ საგადასახადო კოდექსში ჩნდება ახალი მუხლი. ესაა საგადასახადო ომბუდსმენის მუხლი. გარდა ამისა, გაჩნდება "პატიოსანი ბიზნესმენის" ცნებაც. ასეთი ბიზნესმენი გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს.
ახალი საგადასახადო კოდექსით, მეწარმეს ეძლევა საშუალება, უვარგისი საქონელი ჩამოწეროს. როგორც გილაური განმარტავს, დღემდე მეწარმეებს არ ჰქონდათ უვარგისი საქონლის ჩამოწერის უფლება, რის გამოც პრობლემებს აწყდებოდნენ. ამიტომ ეს ადრე დაკავშირებული იყო კორუფციულ გარიგებებთან და ახლა მთავრობა მიდის გარკვეულ რისკზე: შეხედავს, უვარგის საქონელს როგორ მოიშორებს და როგორ მოიქცევა ბიზნესმენი.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს GშM-სისტემასთან მიბმას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველგვარი საბუღალტრო მონაცემები მიბმული იქნება GშM-სისტემაზე, მთავრობა შეხედავს, როგორ მუშაობს კომპანია და თუ მოხდება რაიმე გადაცდომა, ამ სისტემით მოხდება მისი გაკონტროლება.
სიახლეებია კაფე-რესტორნების მეპატრონეებისთვის: თუ საგადასახადო ინსპექტორი შევა რესტორანში და აღმოაჩენს, რომ მისი ბრუნვა 10 %-ით მეტია ან ნაკლებია იმ ბრუნვაზე, რომელსაც ის ადრე უჩვენებდა, მაშინ საგადასახადო მას აჯარიმებს და ახდევინებს თანხას, რაც მას უნდა გადაეხადა 20 თვის განმავლობაში (ანუ განვლილი 20 თვის, რაც დამალულად ითვლება).
როგორც გილაური განმარტავს, ახალი საგადასახადო კოდექსის შესწორებული ვარიანტი 2-3 კვირაში იქნება. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კი პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
გილაურის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსი სრულად 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა ცალკეული მუხლები აგვისტოდან შევა ძალაში.