.დღეს. 2 ნოემბერს, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა. ის ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მასპინძელია არასამთავრობო ორგანიზაცია UMCOR. ღონისძიება იმ საქველმოქმედო აქციის ნაწილია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Physicians with Heart-მა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით განახორციელა.
30 ოქტომბერს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-17-მა თბილისში 7.2 მილიონი დოლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სადიაგნისტიკო საშუალებები ჩამოიტანა. ჰუმანიტარულ ტვირთს აეროპორტში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დახვდნენ. ჰუმანიტარული პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განხორციელდა.
დღევანდელი ცერემონიისას აშშ-ის ელჩი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის განყოფილებას ოფთალმოლოგიური პრეპარატებით სავსე სიმბოლურ ყუთს გადასცემს. სამედიცინო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოს ოფთალმოლოგიურ კლინიკებს გაუნაწილებს. ცერემონიას თბილისისა და რეგიონების ოფთალმოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.