უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენით, იმ შემთხვევაში თუ ბუდაპეშტი ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს განბლოკავს.
ამის შესახებ ორბანი X-ზე წერს.
ამასთან, ორბანმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ სესხის განბლოკვას მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს, როცა აღდგება რუსეთის ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენით.
„ბრიუსელის მეშვეობით უკრაინისგან მივიღეთ სიგნალი, რომ ისინი მზად არიან ორშაბათიდან განაახლონ ნავთობის მიწოდება ‘დრუჟბას’ მილსადენით, იმ პირობით, რომ უნგრეთი განბლოკავს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხს.
უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა: ნავთობი არ არის — ფულიც არ არის. როგორც კი ნავთობის მიწოდება აღდგება, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს სესხის დამტკიცებას.“
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უნგრეთს არც ფინანსურ ტვირთს აკისრებს და არც ვალდებულებებს.