უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი სოციალურ ქსელებზე წვდომას ზღუდავს იმისთვის, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ამბოხი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების ფონზე - იქნება ეს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ახალი შეტევისათვის თუ ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისთვის.
„სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა რუსეთში არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის კრიტიკის შეზღუდვას. ჩემი აზრით, უფრო ღრმა მიზანია - რათა არ მოხდეს ამბოხი. რის გამო შეიძლება მოხდეს აჯანყება ჩრდილოელ მეზობელთან? რამდენიმე მიზეზით ან სცენარით. პირველი — საყოველთაო, მასშტაბური მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს ადამიანების გაწვევას ცენტრალური ქალაქებიდან, მათ შორის მოსკოვიდან და რა თქმა უნდა, სანქტ-პეტერბურგიდან. რატომ სჭირდებათ ასეთი დიდი მობილიზაცია? იმისთვის, რომ კვლავ დაიწყონ ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე. მეორე ვარიანტია — შედარებით მცირე ძალებით, ნაკლები დანახარჯით განახორციელონ პარალელური შეტევა იქ, სადაც ნაკლები წინააღმდეგობა იქნება. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ მზად ძლიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის,", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთში „გეგმა "ა" არის დიდი მობილიზაცია და სოციალური ქსელების შეზღუდვა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი შეტევა“.
„მგონია, რომ მათ რამდენიმე ვარიანტი აქვთ. და ამ დროს ისინი უყურებენ, რა ხდება ნატო-ს ქვეყნებში. ვფიქრობ, არჩევანი სწორედ ამაზეა დამოკიდებული - ჩაერთვებიან თუ არა ისინი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, იმუშავებს თუ არა ნატო-ს მე-5 მუხლი ბალტიის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა:
„ვფიქრობ, შესაძლოა ყველა ქვეყანას არ სურდეს მხარდაჭერა [ბალტიის ქვეყნების მიმართ], მაგრამ ჩემი აზრით, მატო-ს ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო აღარ იარსებებს. მათ მოუწევთ გაერთიანება და პასუხის გაცემა იმაზე, რაც პოტენციურად შეიძლება გააკეთოს ვლადიმირ პუტინმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ აღარ ექნებათ ეს ალიანსი.“