ხშირი ნალექის გამო სტიქიამ კახეთის რეგიონს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ შეუტია.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, სტიქიამ თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონები საგრძნობლად დააზარალა. წყალდიდობამ ახმეტა-თიანეთის გზაც ჩახერგა და სოფელ ალვანში სამი სახლი დატბორა. სახლები დატბორილია სოფელ ფშაველშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთრის მარაგის გარეშე დარჩა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონები დააზარალა. მდინარე კაბალის ადიდებამ სოფელი უზუნთალა ფაქტობრივად გარე სამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა ლაგოდეხი-გურჯაანის ავტომაგისტრალი.
,,ახალი მემარჯვენეების"'' ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუგზარ ღვინიაშვილის განცხადებით, ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ჯებირი გაარღვია, რამაც ქალაქ ყვარელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, გაზგასამართი სადგური და სპირტსახდელი საწარმო დატბორა. წყალდიდობამ ყვარლის 5 სოფელში ნათესებიც გაანადგურა.
ნუგზარ ღვინიაშვილი ყვარლის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრევენციული ღონისძიებებს არ ატარებს და მოსახლეობას ბედის ანაბარა ტოვებს.
"ხალხი შეშინებულია. ხელისუფლება არ ცდილობს პრობლემა აღმოფხვრას. თუ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები, სტიქია ყვარელის მუნიციპალიტეტში მეტ მასშტაბებს შეიძენს", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" ოპოზიციონერმა.
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება სტიქიას ყველა რესურსის გამოყენებით ებრძვის. ,,ჩვენ სტიქიის კერებს ყველა რაიონში მობილიზებულად ვებრძვით. ტექნიკა ყველა მდინარესთან, ხევთან და რისკ ადგილებთან არის მობილიზებული. მიმდინარეობს პრევენციული სამუშაოები", - განაცხადა ღვინიაშვილმა.