რუსეთის სამხედრო-სადესანტო ჯარების ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ შამანოვი აცხადებს, რომ რუსეთის სადესანტო ჯარებისათვის საქართველოსთან ომი სასარგებლო გამოდგა.
"სამხედრო-სადესანტო ჯარებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში მომხდარი ომის გამოცდილება გაითავისეს და გაითვალისწინეს. ისინი უკვე უფრო აქტიურად მოიხმარენ უპილოტო საფრენ აპარატებს, შეუკვეთეს ახალი იარაღი და პარაშუტისტების სნაიპერული მომზადება გააძლიერეს", _ აცხადებს შამანოვი.
მისივე თქმით, სამხედრო-სადესანტო ჯარების "ცისფერი ბერეტები" პრაქტიკულად ყველა სამხედრო წვრთნის ჩატარებისას, კვლავაც და კვლავაც ცდილობენ ხუთდღიანი ომის გამოცდილება გაითვალისწინონ. მეტიც, სამხედრო-სადესანტო ჯარების 10-მა სნაიპერმა სპეციალური მომზადებაც გაიარა და "ოქროს მარაგად" იქცა.
"ნაწილებში იზრდება ყველანაირი სნაიპერული იარაღის რაოდენობა, რაც "ცისფერ ბერეტებს" მოქმედების საშუალებას დღისაც და ღამითაც აძლებს, ზოგი მათგანი ტელევიზორ "შახინით" არის აღჭურვილი. ვვარჯიშობთ სამართავი პარაშუტების გამოყენებაშიც, რომლებიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაადგილების საშუალებას 20-30 კილომეტრზე იძლევა. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა და ამ სფეროში კიდევ ბევრი უნდა ვივარჯიშოთ რათა ისრაელს დავეწიოთ. ისინი 40 კილომეტრზე გადაადგილდებიან", _ აცხადებს შამანოვი.
ამას გარდა, მისივე თქმით, რუსი სამხედროები წვრთნებს საზღვარგარეთაც გაივლიან. "რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში სამხედროთა სტაჟირება აშშ-სა და გერმანიაში იგეგმება.
ვლადიმერ შამანოვი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად მედესანტეებმა ხუთი პირველადი მოხმარების ბატალიონი შექმნეს. მათში შესულია ხალხი რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დანიშნულება აქვს.
"ამ ბატალიონთაგან ერთ-ერთი ამჟამად დავალებას ყირგიზეთის ტერიტორიაზე ასრულებს", _ აცხადებს შამანოვი და დასძენს, რომ რაც შეეხება საბრძოლო მანქანებს "ცისფერი ბერეტები" ამჟამად განიხილავენ ისეთ მანქანებს როგორებიცაა: "ტიგრი", "ბაგგი", "ივენკო".
ხოლო რაც შეეხება უპილოტო თვითმფრინავებს, შამანოვს თქმით, "ცისფერმა ბერეტებმა" უკვე გაითავისეს სამამულო წარმოების უპილოტო თვითმფრინავები და დაიწყეს ისრაელის წარმოების "ჰერმესების" შესწავლა.
"როცა ჩვენ აფხაზეთში ვიყავით, ჩვენს თავზე ჰერმესი ეკიდა. ეს იყო ძალიან არასასიამოვნო. "იგლა" მას ვერ აფიქსირებდა მისი ზომის სიმცირის გამო, ხოლო საზენიტო იარაღი მის სიმაღლეზე ვერ ისროდა", _ აცხადებს შამანოვი.