საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში შექმნა ფუნქციონირებადი სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს, ეროვნულ ინტერესებს და ახერხებს ეროვნული ინტერესების დაცვას, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.
პრეზიდენტის განცხადებით, მათ, ვისაც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევა უნდოდა, ვერ გაიგეს, რომ ქვეყანამ სწორედ ასეთი სახელმწიფო შექმნა.
"ვერ გაიგეს, რომ ჩვენთვის ინსტიტუტების სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა, პირადი სახელი და დიდება და მით უმეტეს, კორუფციული სიმდიდრე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, ისტორიას უკვე ჩაბარდა და არასდროს უკან არ დაბრუნდება დრო, როდესაც მცირერიცხოვანი კორუმპირებული, უსამართლო, გაუტანლობაზე და ქედმაღლობაზე დაფუძნებული ელიტა დახურულ ოთახებში განსაზღვრავდა ქვეყნის მომავალს და გზას უკეტავდა ყოველგვარ ნიჭს.
"საქართველო დაეფუძნება ნიჭიერებას და ნიჭიერებისთვის გზის გახსნას. ვინც მეტს იშრომებს, ვინც უფრო ნიჭიერი იქნება, ვინც მეტი პატრიოტი იქნება, ის წავა წინ საქართველოში და არა ის, ვინც თვლის, რომ ეს მას ეკუთვნის სხვადასხვა წარსული მომენტების გამო", -განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო წარსულში არასოდეს არ დაბრუნდება და ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის.
"ვერ გაიგეს, ის რომ, რასაც ჩვენი უკვდავი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი ამბობდა - ამ მთათა გამო, ყველაფერის გამო, ირგვლივ რაც არის, ვინც აქ იშვა და ვინც აქ იზარდ, არ შეიძლება იყო ლაჩარი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს ათასწლოვანი სიმტკიცის ეროვნული სული თანამედროვე, ღია ევროპული საზოგადოების სხეულით იმოსება.
"ჩვენი ინსტიტუტები მტკიცეა, როგორც არასდროს. ჩვენი ეკონომიკა მთელი სიძნელეების მიუხედავად, ჯერ კიდევ დიდი გაჭირვების მიუხედავად, გაჯანსაღების გზას ადგას და ევროპული ინტეგრაცია პროგრესირებს და შეუქცევად ხასიათს იღებს",- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჯერაც არსებობს დიდი წინააღმდეგობები, მაგრამ საქართველოს სვლა დამოუკიდებლობისკენ და გამარჯვებისკენ, გაგრძელდება და მას ვერაფერი შეაჩერებს.