ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების კუთხით ქართული მაუწყებლების საქმიანობა ნაკლებად დაბალანსებულია. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.
"აქამდე მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო კამპანიის შედარებით დაბალანსებულ სურათს პრაიმ-ტაიმის ახალ ამბებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პოლიტიკური და საარჩევნო ახალი ამბების 19% დაუთმო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და 13% - "ალიანსს საქართველოსთვის". "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თაოსნობით" შექმნილ "ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას" და "ეროვნულ საბჭოს" კი დაეთმოთ 12-12%", - ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი" აშკარა მხარდაჭერას გამოხატავენ მმართველი პარტიისა და მის მიერ წარდგენილ თბილისის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას მიმართ.
"ორივე არხი ფართოდ და დადებითად აშუქებს ხელისუფლების საქმიანობას საარჩევნო კამპანიის კონტექსტის გარეშეც, რითაც, არაპირდაპირი გზით, სამსახურს უწევს სამთავრობო კანდიდატებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმადვე, ანალოგიურ მიდგომას იჩენს ტელეკომპანია "აჭარაც".
რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალ TV"-ს, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, "დაუფარავ არაობიექტურობას იჩენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ" და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ".
"თბილისში მაუწყებელი არხები "კავკასია" და "მაესტრო" კი პირიქით, დღემდე ოპოზიციის, კერძოდ კი "ალიანსი საქართველოსთვის" პლატფორმის როლს ასრულებენ", - წერია ანგარიშში.