ე. წ. უკანონო პატიმრების მხარდამჭერი მიტინგი უზენაეს სასამართლოსთან დასრულდა.
მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ინიციატივით დაფუძნდება საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელსაც სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მდგომარეობის შესწავლა და კონტროლი დაევალება. აღნიშნულ საბჭოში შევლენ გელა ნიკოლაიშვილი, ნანა კაკაბაძე, გოგა ხაინდრავა, ზაზა ხატიაშვილი, ეკა ბესელია, მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
ბესელიას განცხადებით, ეს შენობა ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების გარანტი უნდა იყოს, მაგრამ ამ სასმართლოში მყოფი მოსამართლეები ჯალათები არიან. საქართველოში დღეს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი და რამდენიმე ათასი უკანონო პატიმარია.
მისი განცხადებით, დღევანდელ აქციას სოლიდარობას უცხადებს ბელგიაში ქართველთა კავშირი, რომელიც პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციებს პერმანენტულად მართავს.
კონსერვატული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და თხოვნით მიმართა, აღნიშნულ აქციებს შეუერთდნენ.
"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც 2007 წლის 2 ნოემბერს და შარშან 26 მაისს ჩვენთან ერთად იყვნენ. მინდა შევახსენო, რომ ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბერსა და 26 მაისს დააპატიმრეს, დღემდე ციხეებში იმყოფებიან. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ არის სწორი, ფანჯრებიდან ვუყუროთ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, რადგან როცა უბედურება მთელ ქვეყანაში ტრიალებს, ის აუცილებლად შენს სახლშიც შემოვა. მოუწოდებ ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ერთად დავდგეთ. ამ ჯალათებს მაინც არ გავახარებთ და რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტილი იქნება".
დღევანდელ აქციაზე გაფორმდა მემორანდუმი ბესელიას მოძრაობასა და საქართველოს ადვოკატებს შორის, რომლის მიხედვითაც, ადვოკატები საზოგადოებრივი მოძრაობა უკანონო პოლიტპატიმრების პროტესტს უერთდებიან. ისინი აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. აღნიშნული მემორანდუმი ადვოკატებმა ხელმოწერებითაც დაადასტურეს.