v\:* {behavior:url(#default#VML);} o\:* {behavior:url(#default#VML);} w\:* {behavior:url(#default#VML);} .shape {behavior:url(#default#VML);}
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გლობალური ურთიერთობების სამდივნოს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელთან ანტონიო სომასთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020 და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში საქართველოს აქტიურად ეხმარებოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. შეხვედრაზე აღინიშნა პროექტის მნიშვნელობა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
საუბარი ასევე შეეხო OECD-სა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ანტონიო სომას განცხადებით „OECD დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებითა და თანამშრომლობის გაფართოებით სხვადასხვა მიმართულებებით, მაგალითად საჯარო მმართველობა, განათლება, კონკურენცია და ა.შ.“.
შეხვედრისას მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა OECD-ის მნიშვნელოვან როლს ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მონაწილისა და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის, ცნობადობის გაზრდაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს თავის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის, პოტენციალს. „საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი იქცეს სატრანზიტო ცენტრად რეგიონში, თუმცა გარდა ამისა საქართველოს ასევე აქვს პოტენციალი გაზარდოს ინვესტიციები და აწარმოოს ბიზნესი საქართველოში“ - აღნიშნა ანტონიო სომამ.