"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას "CSA"-ის კვლევის შედეგების რეალურობის არ სჯერა.
"ხალხმა როგორც ხელისუფლების, ისე კვლევების მიმართ უნდობლობა გამოაცხადა. იქედან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიშის კულტურა დანერგა, მოქალაქეები, როცა ეკითხებიან ვის უჭერენ მხარს - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, საკუთარ აზრს ღიად ვერ აფიქსირებენ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს ფრანგული სააგენტოს მიერ საარჩევნო თემატიკაზე ჩატარებულ გამოკითხვაზე კომენტირებისას.
მისი განმარტებით, "საზოგადოებრივი აზრის მთავარი გამოკითხვა 30 მაისს მოხდება და სწორედ ამ დღეს დააფიქსირებს ამომრჩეველი თავის აზრს, თან კონფიდენციალურად".
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო თემატიკაზე თბილისში კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა. ამჯერად დედაქალაქელების აზრი ფრანგულმა სააგენტო "ჩშA"-მ გამოიკითხა.
შეკითხვაზე, "მერობის რომელ კანდიდატს აძლევთ ხმას", გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: გიგი უგულავა - 57 %, ირაკლი ალასაია - 14 %, , გია ჭანტურია - 11 %, გოგი თოფაძე - 10 %, ზვიად ძიძიგური - 5 %, , ნიკა ივანიშვილი -1 % და დავით იაკობიძე ასევე - 1 %.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი რეიტინგით თბილისში მმართველი გუნდი (44 %) სარგებლობს. მას 23 %-ით ქდმ მოჰყვება, შემდეგი ადგილები კი ასე ნაწილდება: "ალიანსი" - 16 %, "მრეწველები" - 9 %, "ეროვნული საბჭო" - 7 %, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი ხმათა არც ერთი პროცენტი არ ერგო.
წინასააარჩევნო გამოკითხვა თბილისში 1-4 მაისს ჩატარდა. აღნიშნულის ფარგლებში 1000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.
"ჩშA" ცნობილი ფრანგული სააგენტოა, რომელიც 1974 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკითხვასა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის ცდომილება საშუალოდ 3 % შეიძლება იყოს.