დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სოფელ აბაშის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
"საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მდინარეები და წყალდიდობები დიდ პრობლემებს ქმნის. საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება ამ პრობლემების სრულად გადაჭრას. სამწუხაროდ, ამდენი ფული არ გვაქვს და უნდა განვსაზღვროთ პირველ რიგში რომელი საკითხები უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ ადგილზე მივიდეთ, საკუთარი თვალით ვნახოთ და შევაფასოთ, სად შეიძლება განხორციელდეს სამუშაოები. ერთ-ერთი ასეთი ადგილი შესაძლებელია იყოს ამ სოფელში. ჩვენ უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
როგორც ცნობილია, აბაშის რაიონში სოფელ კეთილარში მდინარე რიონი წლების განმავლობაში ტბორავდა საცხოვრებელ სახლებს. მინისტრი ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებამდე არსებულ ვითარებას გაეცნო.
მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე 150 მეტრის სიგრძეზე აღდგება დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბა. აღდგენითი სამუშაოები მაისის ბოლოდან დაიწყება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.