რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკრაინაში ვიზიტის მთავარ მოულოდნელობად იქცა ის, რომ მის პროგრამაშია შეტანილია პუნქტი, რომლის მიხედვით, მედვედევი გოლოდომორის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს მოინახულებს. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტ-უკრაინა" ავრცელებს.
"ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ გოლოდომორი დარჩებოდა, ვინაიდან იგი გრაფიკიდან რამდენჯერმე იქნა ამოღებული", _ წერს გაზეთი.
"ვიზიტის დაგეგმილი შედეგებიდან ცალკე ყურადღების ღირსია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადება დნესტრისპირეთის დარეგულირების შესახებ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება", _ წერს გაზეთი და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ მედვედევის ვიზიტის პროგრამის დაგეგმვისას რამდენჯერმე დაინიშნა და გაუქმდა რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. მიღებული ბოლო ვარიანტით კი ეს შეხვედრა ხვალ ვიქტორ იანუკოვიჩის თანდასწრებით გაიმართება. ამას გარდა, მოსკოვმა სამჯერ შეცვალა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მედვედევს ლექცია უნდა წაეკითხა უკრაინელი სტუდენტებისათვის. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ მედვედევი ლექციას კიევის, ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში წაიკითხავს.
ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ ადრე დაგეგმილი ჩერნობილის მონახულებაც გადადებულია.
გოლოდომორის ხსოვნის მემორიალის სავალდებულო მონახულება სახელმწიფოს მეთაურების მიერ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შემოღებულია. მის მიერ გაცემული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მედვედევმა უნდა აანთოს სანთელი და შემდეგ კი საკუთარი ხელით ძახველის ბუჩქი უნდა დარგოს. იქნება თუ არა შესრულებული ეს მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჯერ ჯერობით უცნობია.