უკრაინა, შესაძლოა, ევროკავშირს 2030 წლამდეც შეუერთდეს , თუ ის გააგრძელებს რეფორმებს იმავე ტემპით და იმავე ხარისხით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს, 24 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უცხოელ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლებიც კიევში ჩავიდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე. მისი თქმით, ის გაოცებულია უკრაინის მიერ ასეთ მძიმე საომარ პირობებში გატარებული რეფორმების სისწრაფით, ხარისხით და ეფექტურობით.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და სერიოზულ კრიზისად ევროპის მომავლისთვის.
მან გამოთქვა რწმენა, რომ ამჟამად შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება, რადგან ეს სანქციები „უზარმაზარ გავლენას ახდენენ“ რუსეთის ეკონომიკაზე. მისივე თქმით, უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გამოხატავს მის სურვილს მშვიდობისაკენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირი თავს იკავებს ზუსტი თარიღის დასახელებისგან, როდის შეიძლება, უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გაწევრიანების თარიღის დასახელება, შესაძლოა, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმაც მოითხოვონ.