აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება მინერალების შესახებ შეთანხმებას აშშ-სა და უკრაინას შორის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აგრძელებს "სერიოზულ მოლაპარაკებებს" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმიანება მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა თავისი სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის.
„დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, კანადის გუბერნატორმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს დაიწყებოდა.
ყველამ გამოხატა თავისი სურვილი, რომ ნახონ ამ ომის დასასრული. მე ხაზგასმით ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის „წიაღისეულის შეთანხმების“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გაფორმდება! ეს გარიგება, რომელიც არის „ეკონომიკური პარტნიორობა“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი ხალხი დაიბრუნებს უკრაინაში გაგზავნილ ათობით მილიარდ დოლარს და სამხედრო აღჭურვილობას. ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში, რადგან ეს სასტიკი ომი დასასრულისკენ მიდის. ამავდროულად, მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ასევე, ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.