აჭარაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ჯამბულ ებანოიძემ და გიორგი ვაშაძემ ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ხელვაჩაურის ცენტრი გახსნეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბიომეტრული პასპორტების ხელვაჩაურის ბეჭდვის ცენტრში დაბეჭდილი პასპორტი ადგილობრივ მოსახლეს როინ დავითაძეს გადასცა.
ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მეხსიერების მატარებელი პიროვნების ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდების ინფორმაცია.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეისათვის მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ მიიღონ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მქონე პასპორტები.
მისი თქმით, ბიომეტრულ პასპორტს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: დოკუმენტი არის მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან დაცული და გარდა ამისა, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება.
ქვეყნის მასშტაბით ბიომეტრიული პასპორტის ბეჭდვის სამი ცენტრი მუშაობს (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში).
ბიომეტრიული პასპორტების სპეციფიკასა და საჭიროებებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია IჩAO ადგენს. აღნიშნული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რა მინიმალური დაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბურობის დოკუმენტს.
ბიომეტრიული პასპორტები 10 წლის ვადით გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარია. პასპორტის მიღების მსურველებს სამოქალაქო რეესტრი დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრიული პასპორტის აღება განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მე-5 სამუშაო დღეს - 120, მე-3 სამუშაო დღეს - 150 ლარი, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში 190 ლარი, ხოლო იმავე დღეს 205 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე მოქმედებაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტები. ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე. მათთვის სამი წლის ვადით გაიცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის ღირებულებაც 17 ლარი და 50 თეთრი იქნება.