სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ქართულენოვან წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს გზავნის.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მხატვრული და რელიგიური ლიტერატურის, ხატებისა თუ სხვა საეკლესიო ნივთების თურქეთში გაგზავნის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილისა და თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
კახა კახიშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ციხეში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი ერთ-ერთი თხოვნა სწორედ ქართულ წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს უკავშირდებოდა.
თურქეთში ქართველი მსჯავრდებულებისთვის გასაგზავნი ხატების, მართლმადიდებლური საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო კალენდრების, სანთლებისა და საეკლესიო ჟურნალ-გაზეთების გამოყოფა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყო. თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ნასიძე საჩუქრად ყოვლადწმინდა სამების ხელნაწერ ხატსაც უგზავნის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პენიტენციურ სისტემას შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასულიერო პირები დაწესებულებებთან თანამშრომლობენ და მსჯავრდებულთა სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავენ.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობით თურქულ მხარესთან მოხდა შეთანხმება და თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ 200-ზე მეტი ქართველი მსჯავრდებული იმყოფება, მოეწყობა სალოცავი კუთხეები, სადაც ისინი განათავსებენ ხატებსა და რელიგიურ ლიტერატურას, სადაც მოახერხებენ ლოცვას და საპატიმრო დაწესებულებაში ყოფა რაღაცწილად მაინც შეუმსუბუქდებათ. ჩვენ მადლიერებით შეხვდით ამას, გვიხარია ეს შეთანხმება და აღნიშნულ საქმეში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
გარდა ამისა, თურქეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 450-მდე ეგზემპლარი ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა ეგზავნებათ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოყო.
„პალიტრა L“-მა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას და თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გასაგზავნად 400-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოვყავით, მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის, როგორც ქართველი კლასიკოსები, ასევე თარგმანი“, - განაცხადა „პალიტრა L“-ის დირექტორმა თინათინ ასათიანმა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში 270-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფება. კახა კახიშვილის მიერ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოდან გაგზავნილი ლიტერატურა 36-ვე დაწებულების ბიბლიოთეკებში გადანაწილდება. ამასთან, მოეწყობა 36 სალოცავი კუთხე.
თურქეთში მყოფი ქართველი მსჯავრდებულების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ეტაპობრივად, სხვა ღონისძიებებიც განხორციელდება.