გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმორ პუტინის შეხვედრაზე უნდა მიიწვიონ.
მერცმა განაცხადა, რომ კვირას ტრამპთან ტელეფონით ისაუბრებს პუტინთან ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
„ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის ევროპის დონეზე ამერიკის მთავრობასთან ერთად. და ჩვენ ვიმედოვნებთ და ვვარაუდობთ, რომ უკრაინის მთავრობა, პრეზიდენტი ზელენსკი, ჩაერთვება ამ შეხვედრაში...
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ტერიტორიული საკითხები განიხილება ან თუნდაც წყდება ევროპელებისა და უკრაინელების გვერდის ავლით. ვვარაუდობ, რომ ამერიკის მთავრობაც ასე უყურებს ამას, სწორედ ამიტომ არის ასეთი მჭიდრო კოორდინაცია“, - თქვა მერცმა.
მერცმა განაცხადა, რომ პარასკევს ალასკაში მომხდარი მოვლენები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
მისი თქმით, შედეგები აუცილებლად უნდა მოჰყვეს: „ან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიმართულებით, ან თავად რუსეთის მიერ იმის აღიარების მიმართულებით, რომ ეს ომი არ შეიძლება გაგრძელდეს“.
კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
შეგახსენებთ, ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს იგეგმება.