რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალექსანდრე ელისაშვილზე. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა
მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)
რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში
გამოცემის ცნობით, ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.