ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ქალაქ ბრაზილიაში, საკუთარ სახლში შინაპატიმრობაში მოათავსეს.
მას აეკრძალა მობილური ტელეფონების გამოყენება და მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის პირებთან კომუნიკაციის უფლება მიეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს, 4 აგვისტოს, ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრ დე მორაესმა მიიღო. დოკუმენტი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მორაესის განაჩენი დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ ბოლსონარუმ მხარდამჭერებს 3 აგვისტოს ვიდეოზარის საშუალებით მიმართა. მისი გამოსვლის ამონარიდები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მოსამართლემ ეს სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნია.
ბრაზილიის 70 წლის ექს-პრეზიდენტს 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მისი მემკვიდრის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ადანაშაულებენ.
2023 წლის 8 იანვარს, ლულას მიერ თანამდებობის დაკავებიდან მალევე, ბოლსონარუს მხარდამჭერებმა ბრაზილიაში კონგრესზე, უზენაეს სასამართლოზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს.
19 ივლისს ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრეს, ღამით სახლში დარჩენა უბრძანეს და სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალეს. ბოლსონარუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ყოფილ პრეზიდენტს „დემოკრატიული სამართლებრივი წესრიგის დანგრევის“ მცდელობაში ადანაშაულებენ.
თავად პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს. 30 ივლისს აშშ-ის ხელისუფლებამ მოსამართლე მორაესს სანქციები დაუწესა და ბოლსონარუს პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.