დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინულმა კომპანია "პრომოვამ" (Pro.mova) მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 30 მარტიდან - მაისის პირველ რიცხვებამდე პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიში "პრომოვას" მმართველმა პარტნიორმა, ეუთოს ექსპერტმა ევგენი გლებოვიცკმა წარადგინა.
დღეს წარმოდგენილი იყო მონიტორინგის პერიოდში განთავსებული ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების წუთობრივი ანგარიში. გლებოვიცკმა ასევე ისაუბრა მონიტორინგის დროს გამოვლენილ საინფორმაციო გამოშვებებში არსებულ ძირითად ტენდენციებზე. გლებოვიცკის განცხადებით, ქართულ ტელევიზიებში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში თბილისის მერობის ყველა კანდიდატს თითქმის თანაბარი დრო ეთმობა, თუმცა მისი თქმით, გასათავალისწინებელია შემდეგი დეტალიც:
"ერთია, რომ მედია ყველა კანდიდატს თანაბარ დროს უთმობს, თუმცა მეორე საკითხია, რაზე საუბრობენ თბილისის მერობის კანდიდატები ამ დროის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით, კანდიდატები თანაბრ პირობებში იყვნენ. როცა ერთი კანდიდატი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, სხვა კანდიდატსაც მსგავსი შეკითხვა უნდა დაუსვან და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის საშუალება უნდა მისცენ", - აღნიშნა უკრაინელმა ექსპერტმა.
მისი თქმით, ის მეთოდებ,ი რომელთა გამოყენებითაც უკრაინული კომპანია მედიამონიტორინგს ატარებს, საშუალებას იძლევა, არა მარტო "ერთმანეთსგან გაირჩეს შავი და თეთრი, არამედ გამოვლინდეს რუხის კონტურებიც".
უკრაინელი ექსპერტების განცხადებით, მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელია ხარისხობრივი კვლევის ჩატარება, რომლის შედეგებს "პრომოვა" დასკვნით ანგარიშში წარადგენს.
გლებოვიცკის განცხადებით, ქართული კომპანიები მუშაობენ რაოდენობრივ და საბაზისო თვისობრივ მონიტორინგზე. უკრაინული კომპანია კი მოამზადებს ჩაღრმავებული თვისობრივი და შემაჯამებელი რაოდენობრივი მონიტორინგის კიდევ ერთ შუალედურ და დასკვნით ანგარიშს. უკრაინული კომპანია უზრუნველყოფს მეთოდოლოგიის გამჭვირვალედ და ზუსტად წარმართვას და შეიმუშავებს რეკომედაციებს პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ყველა კომპანიის ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, მონიტორინგის მეთოდოლოგია შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით.
მედიამონიტორინგი მიზნად ისახავს ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას. კვლევაში გათვალისწინებული იქნება ყველა ცენტრალური, რეიტინგული სატელევიზიო არხის ("რუსთავი 2", "იმედი", "კავკასია", "მაესტრო", "პირველი არხი", "მეორე არხი", "აჭარა"), ყველა საინფორმაციო გამოშვება, თოქ-შოუ, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამა.
შეგახსენებთ, რომ მონიტორინგი 2010 წლის არჩევნებისთვის ხორციელდება. ცესკომ მედიამონიტორინგისთვის სამ ქართულ კომპანიასთან ერთად (პრაიმ ტაიმი, ბისიჯი, აიპიემი) უკრაინული კომპანიაც დაიქირავა.
ცნობისთვის: Pro.mova უკრაინული კომპანიაა და 2007 წლიდან ახორციელებს კვლევებს. აქვს არჩევნების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს არაერთი საერთაშორისო პროექტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ახორციელებდა უკრაინული მედიის მონიტორინგს, როგორ ხდებოდა ამ თემის გაშუქება ტელევიზიით. 2 წელია ახორციელებს უკრაინაში განათლების რეფორმის მედიამონიტორინგს. კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობას აქვთ საერთაშორისო გამოცდილება.