საქართველოს, შესაძლოა, ეტაპობრივად შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც საბოლოოდ, მთელს მოსახლეობაზე გავრცელდება. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი - მთელ მოსახლეობას;
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ახალი მექანიზმი ევროკომისიას აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და მისი აღსრულება სავალდებულო გახდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.