თურქეთის კოჯაელის პროვინციაში, ქალაქ იზმითთან ახლოს რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან-10“ აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, დრონი პარასკევს, ჩუბუკლუბალას რეგიონში, სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს, რომლებმაც აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ხელისუფლებას.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ტერიტორია სწრაფად გადაკეტეს. ექსპერტები მუშაობენ იმის დასადგენად, ჩამოაგდეს თუ არა დრონი, ჰქონდა თუ არა ტექნიკური გაუმართაობა, თუ ავარიული დაშვება განახორციელა.
უპილოტო საფრენი აპარატი უსაფრთხო ობიექტზე დეტალური კვლევისთვის გადაიტანეს, რაც მოიცავს მონაცემთა შენახვის სისტემების, ბორტზე დამონტაჟებული კამერების და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესწავლას.
ეს თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში დრონთან დაკავშირებით უკვე მეორე ინციდენტია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან მოფრენილი „უკონტროლო“ დრონი ჩამოაგდეს. თურქეთმა არ გაახმაურა, თუ რომელ ქვეყანას ეკუთცნოდა დრონი.