"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა და ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორი და იეილის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას გრამი ამბობს, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გამყარებას ცდილობს და მისი პირველადი სამიზნე ისლამური სახელმწიფო არ არის.
"არ მგონია, ისლამური სახელმწიფო ამ ეტაპზე პრიორიტეტული სამიზნე იყოს. მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის კონსოლიდაციაა. რუსებმა რამდენიმე ისლამისტური ძალა დაბომბეს, მათ შორის, ალ ნუსრაც. მაგრამ იმ სამხედრო ტექნიკითა და იმ შესაძლებლობებით, რომლებიც რუსებს სირიაში აქვთ განლაგებული, კრემლს ისლამურ სახელმწიფოზე იერიშის მიტანა ძალიან გაუჭირდება", -განაცხადა გრამმა.
გრემი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიაში ოპერაციის დაწყების გამო ისლამისტები რუსეთს სამიზნედ ამოიღებენ. შედეგად, ტერორისტული აქტები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ შესაძლოა, მოსკოვშიც გახშირდეს. ამის შემდეგ კი, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.
"რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი საუბრობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. ეს მათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ და თან ცალი თვალი რუსეთზე ეჭიროთ",- განაცხადა გრამმა.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთმა სირია, შესაძლოა, ყურადღების გადამტან ფაქტორად გამოიყენოს და კავკასიაში ჯარების გადააადგილება დაიწყოს. ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ანა ბორჩევსკაიას ამბობს, რომ სიტუაციისთვის თავის გასართმევადსაქართველომ აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოკავშირეებს და დასავლეთში დაფუძნებულ ექსპერტებს.
"რუსეთთან წარსული გამოცდილებიდან და კრემლის მიერ პანკისის ფაქტორის არაერთხელ საბაბად გამოყენების შემთხვევებიდან გამომდინარე, ვაშინგტონში საქართველოს, სირიის მოვლენების ფონზე, უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ",- ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მასალაში.