2015 წლის 17 ივლისს, 14:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში (მის. ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგს გამართავს.
ტრენინგის მიზანია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ტრენინგი ორი მოდულისაგან შედგება.
პირველი მოდულში განხილული იქნება სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template), წარმოდგენილი იქნება ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე, განხორციელდება ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვების ფორმა ძირითადად განკუთვნილია ფინანსური ხასიათის ანგარიშებისთვის. აღნიშნული ფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური ფინანსური უწყისების, იურიდიული ინფორმაციის და საოპერაციო მონაცემების შეგროვება და საბოლოოდ ანგარიშის სახით წარდგენის პრინციპების ჩამოყალიბება.
მეორე მოდული მოიცავს სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს.
ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტო საწარმოთა თანამშრომლების ტრენინგების შემდეგი ეტაპის ჩატარებას 2015 წლის აგვისტოს თვეში, თბილისში გეგმავს.