კორტების ტერიტორიაზე მოძრავი ავტომობილიდან სროლა არ განხორციელებილა, მას სპეცრაზმელები ესროდნენ, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მოწმემ, თვითმხილველმა კობა გოგატიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ის ავტომობილთან საშველად მივიდა, დაინახა, რომ წინ მსხდომები ცოცხლები იყვნენ. მოწმის თქმით, ამ დროს მანქანასთან მივიდა ბრალდებული გიორგი ცააძე და მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა.
„მანქანით შუქნიშანზე გაჩერებული ვიყავი, მწვანე რომ აინთო, გადმოვედი მარცხენა ზოლზე, რომ მანქანებისთვის „აბგონი“ გამეკეთებინა. ამ დროს, ისევ წითელი აინთო. დავინახე, რომ ორმა, სამმა პირმა გადმოირბინა. შევხედე, რომ შავ „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილთან მივიდნენ და გასროლის ხმა იყო, უცებ ინტენსიური სროლის ხმა გაისმა, სისწრაფით დაიძრა „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი და გადმოვიდა ჩემს მხარეზე. სროლით მოყვებოდნენ სპეცრაზმელები. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ჩემს მანქანასაც მოხვდა ტყვია. წინა შუშა გაიბზარა. მანქანა ბოძს რომ შეეჯახა, საშველად მივირბინე, მანქანაში დავინახე მძღოლი იჯდა, ერთი ხელი საჭეზე ჰქონდა, მეორე ხელი - კარზე და თითქოს, შველას ითხოვდა. მძღოლის გვერდზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ამ დროს მანქანასთან მოვიდა შავ პიჯაკში ჩაცმული ბრალდებული გიორგი ცააძე. ცააძემ მითხრა, გადი ბიჭო აქედან, გაეცალე აქაურობასო. ჩემი მანქანისკენ წავედი. უკან ვიხედებოდი. გავიგე იარაღის გასროლის ხმა. გამოვიხედე, ცააძე იყო წელში მოხრილი და დავინახე, რომ მანქანის მინა გაწითლდა. ცააძე იდგა მძღოლის კართან. ღია იყო მანქანის კარი. ამის მერე, გავიგე მეორე გასროლის ხმა და მძღოლის გვერდზე მჯდომმა ხელები ჩამოაგდო. ცააძეს ხელში პატარა პისტოლეტი ეჭირა“, - განაცხადა გოგატიშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, მანქანაში ჩააწყვეს იარაღები, იქვე მდგომმა ირაკლი ფირცხალავამ კი თქვა, ვითომ პირველმა ამათმა გვესროლესო.
პროკურატურამ სასამართლო პროცესზე ვიდეომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც კორტების სპეცოპერაციის დროს არის გადაღებული. გოგიტიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტს აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ მანქანას სპეცრაზმელები ესროდნენ, ხოლო მანქანიდან მათი მიმართულებით გასროლა არ განხორციელებულა.