მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდამჭერის“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნა.
„სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ - დახმარებით, რომელსაც „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ ახორციელებს.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. მასში ჩართვის ვალდებულება ეკისრება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსაც, რომელთა საერთო რაოდენობაა 7500.
აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნილი დოკუმენტი დაეხმარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მასწავლებლებს, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ, რათა წარმატებით შეძლონ ამ სქემით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.
სქემის დოკუმენტის სრული ვერსია აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tpdc.ge“, - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.