უკრაინული მედიის ცნობით, ცხრა ადამიანმა გირაოს სრული ოდენობა გადაიხადა „ბატკივშჩინას“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოსთვის, რომელიც პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზებაშია ეჭვმიტანილი.
გირაოს ოდენობა 33,280,000 გრივნას შეადგენს.
მათ შორის, ვინც გირაოს თანხა გადაიხადეს, არიან დეპუტატი, პარტია „ბატკივშჩინას“ წევრი კონსტანტინ ბონდარევი, ასევე მისი ბიზნეს და პარტიული წრეების დონორები.
უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების თანახმად ტიმოშენკო ეჭვმიტანილია უმაღლესი რადის დეპუტატების მოსყიდვაში, კენჭისყრებზე გარკვეული კანონპროექტების მისაღებად ან უარსაყოფად. თავად პოლიტიკოსი ამ საქმეს "მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკურს" უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრებისგან, რომლებიც „სისტემატურად იღებდნენ ქრთამს უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემისთვის“. ანტიკორუფციული პროკურატურის მტკიცებით, ქრთამის ოდენობა დამოკიდებული იყო „ხმის მიცემის ეფექტურობის ინდიკატორზე“ და 2000-20 000 დოლარს შეადგენდა.