დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით სათამაშო მოედნების შემოწმებას იწყებს.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, დღესვე შეიკრიბებიან სპეციალისტები და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა სტადიონი შემოწმდება.
"ჩვენ დღესვე შევკრებთ სპეციალისტებს და თუ ისინი მოგვცემენ იმის რეკომენდაციას, რომ მოხდეს სტადდიონების უფრო მყარი ფიქსაცია ბეტონით ან რაიმე სხვა ალტერნატიული საშუალებით, დავიწყებთ სტადიონის კარებების გაძლიერებულ ფიქსაციას, მაგრამ მინი სტადიონზე მიზანშეწონილი და რეკომენდირებულია, რომ კარებები იყოს უფრო მობილური და მოძრავი, რომ ბავშვების შეჯახების დროს ტრავმა არ იყოს სავალალო", _ განაცხადა მამუკა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ დიღომში სტადიონის კარის ჩამოვარდნის შედეგად 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა.