9 სექტემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ქართველი და ბრიტანელი ავტორების მონაწილეობით ლიტერატურული თარგმანის ვორქშოფი გაიხსნა.
ლიტერატურული ვორქშოფი 9-14 სექტემბერს ორგანიზაცია „Literature Across Frontiers" - ის ინიციატივით გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, სსიპ საქართველოს მწერალთა სახლი და ბრიტანეთის საბჭო.
ბრიტანელი და ქართველი პოეტების ერთობლივ სამუშაო დისკუსიას გაუძღვება LAF - ის დირექტორი და Arc Publishing - ის ორენოვანი ანთოლოგიების სერიის რედაქტორი, ალექსანდრა ბიულერი.
პროექტში მონაწილეობას იღებენ: სტივენ უოტსი (პოეტი/მთარგმნელი), ადამ სმარტი (პოეტი/მთარგმნელი), ალექსანდრა ბიულერი (LAF-ის დირექტორი, ანთოლოგიის სერიის რედაქტორი, მთარგმნელი), ანჯელა ჟარმანი (რედაქტორი, Arc Publications), ნია დევისი (პოეტი/LAF - ის კომუნიკაციის მენეჯერი), მაია სარიშვილი, ლელა სამნიაშვილი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი და რატი ამაღლობელი. აგრეთვე, ვორქშოფის ფარგლებში ბრიტანელი პოეტები იმუშავებენ ირაკლი ჩარკვიანის ლექსების თარგმანზე.
პროექტის შედეგად, ექვსი ქართველი პოეტის ლიტერატურული თარგმანები „Arc Publishing"-ის მიერ ანთოლოგიის სახით 2015 წელს გამოიცემა.
ვორქშოფის მიზანია ხელი შეუწყოს ხანგრძლივი სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ქართველ და ბრიტანელ პოეტებს, კრიტიკოსებსა და მთარგმნელებს შორის. პროექტის შედეგად, ქართული პოეზიის ანთოლოგიის ბრიტანეთში გამოცემასთან და პოპულარიზაციასთან დაკავშირებით გაღრმავდება აგრეთვე თანამშრომლობა LAF - სა და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის.