ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დღეს ევროკავშირის საგარეო ოფისში გამოსვლისას ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
"კომისიამ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში წამოიწყო პროცედურა , იმისათვის რომ შეუჩეროს დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება და საერთო ღირებულებების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის ჩათვლით. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რაზეცაა დაფუძნებული ვიზალიბერალიზაცია. ისინი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. ისინი ხელს უშლიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ახლა კი, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და კომისიამ უვიზო მიმოსვლის შესახებ წარუდგინა შეფასება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს. როცა ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, ეს ქმედებები უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერება მოხდეს ყველა წევრ სახელმწიფოში. გვაქვს ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში, თუ უკუსვლა გაგრძელდება, ეს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება", - განაცხადა მარკუს ლამერტიმ.