საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია საძოვრებზე გადასახადის გადახედვას ითხოვს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი განმარტავს, წინა ხელისუფლების პირობებში გადასახადი, უარგუმენტოდ 500 %-ით გაძვირდა. აღნიშნული საკითხი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის დროსაც დააყენა, რაზეც ნოდარ ხადურისგან პასუხი მიიღო, რომ ის შეხვდება ამ დარგში დაკავებული ბიზნესის წარმომადგენლებს და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.
„რაც ჩვენ დავაყენეთ ეს არის გადასახადების საკითხი, რომელიც წინა მთავრობამ 500 %-ით გაზარდა, საუბარი მაქვს საძოვრებზე. ანალოგიურად გაიზარდა სახნავ-სათესი მიწების ფასები და შესაბამისად ამან პრობლემა შეგვიქმნა თვითონ საქონლის თვითღირებულებაში. მიწის გადასახადი ადრე იყო 3 ლარი და შემდგომ გახდა 15-16 ლარი, რაიონების მიხედვით. იგივე გადასახადი დედოფლისწყაროში არის 7 ლარი, ახმეტაში - 5 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარია. საგარეჯოში კი 18 ლარი. არ არსებობს არანაირი გათვლა, თუ რატომ და რის საფუძველზე მოხდა გადასახადის გაზრდა"- განმარტავს გონაშვილი.
მისი განმარტებით, თუ საჭირო იქნება ბიზნესი მეტსაც გადაიხდის, თუ კი გადასახადის ოდენობა იქნება არგუმენტირებული.
„თუ საჭიროა ამაზე მეტსაც გადავიხდით, თუ დათვლიან, რომ ჩვენი შემოსავალი იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი გადავიხადოთ. მაგრამ ჯერ ვიღაცამ დათვალოს, კვლევა ჩაატაროს და მოხდეს დასაბუთება, რის საფუძველზეც დასაბუთებული იქნება თუ რატომაა ამხელა გადასახადი. გადასახადები რაიონების მიხედვითაა შემოღებული. ამავე დროს რაიონეში შესაძლოა სხვადასხვა ტერიტორია იყოს მიწის ნაყოფიერების თვალსაზრისით. არის მიწები სადაც მეტი მოსავალი მოდის, რადგან მეტი ხარისხია და არის მიწები სადაც ნაკლები მოსავალი მოდის. ასეთ შემთხვევაში ეს მიწები ერთიდაიგივე ფასით რატომ უნდა იბეგრებოდეს? ეს უნდა შეიცლაოს. სადაც გაზრდა იქნება საჭირო კი ბატონო გაიზარდოს, მაგრამ იყოს ყველაფერი დასაბუთებლი. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და დასაბუთება თუ რატომ უნდა მოხდეს გადასახადის კლება. ჩვენი დასაბუთებით ის გადასახადი, რომელიც მესაქონლებისათვის გვაწევს კისერზე, არის საკმაოდ გაზრდილი. როდესაც საშემოსავლო გადასახადს იხდი, სახელმწიფოსგან რაიმე სერვისს იღებ. ჩვენ არანაირ სერვისს არ ვიღებთ. მე მეტ გადასახადს ვიხდი და აღარ მრჩება იმის საშუალება, რომ მეც მოვუარო ჩემს საძოვარსა და ჩემს ფერმას"- განმარტავს გონაშვილი.
კონკრეტულად რა ფისკალურ დანაკლისს მიღებს სახელმწიფო საძოვრებზე გადასახადის შემცირებით, უცნობია, თუმცა როგორც გონაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველდღიური გადასახადი 22,7 მლნ ლარს შეადგენს.
„ჩემი ინფორმაციით, ანუ მე რა ინფორმაციაც მაქვს შემოსავლების სამსახურიდან, საუბარია 22,7 მლნ ლარზე, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადებიდან შედის. ეს მონაცემები რეგიონების მიხედვით მაქვს ამოკრებილი. მაშინ როდესაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებაში 260 მლნ ლარს ხარჯავს და გადასახადად მხოლოდ 22,7 მლნ ლარს იღებს, ამ ყველაფერს რა აზრი აქვს?" - აცხადებს გონაშვილი.
როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მხოლოდ მეცხვარეები ყოველწლიურად 16 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტს ახორციელებენ.
„ასევე ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით 45-50 მლნ დოლარის მსხვილფეხა პირუტყვი გადის. საკმაოდ დიდი დოვლათს ვქმნით, ვიღაცეებისათვის შეიძლება ეს არ ჩანს და მარტო ღვინო და ციტრუსი ჩანს. ციტრუსისთვის 13,2 მლნ ლარის სუბსიდიაა გამოყოფილი. ჩვენ არ ვითხოვთ დოტაციას და განსაკუთრებულ პირობებს, ჩვენ მხოლოდ გადასახადების გადახედვას ვითხოვთ- იმის მიხედვით რაც ჩვენ გაგვაჩნია, რა პოტენციალიც ამ მიწებს გააჩნია და რა შეგვიძლია, რომ ჩვენ გადავიხადოთ ისე, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც სახელმწიფო დაზარალდეს. ანუ ბიუჯეტშიც ფული შევიდეს და ბიზნესმაც საკუთარ განვითარებაზე იფიქროს,"- განმარტავს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.