18 თებერვალს, 11:45 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოში მოქმედი ბიზნეს გაერთიანებები - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია ერთობლივ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმში აისახება მოკლევადიან პერსპექტივაში ბიზნესისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაჭრამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესგარემოს სწრაფ გაუმჯობესებას და შესაბამისად ეკონომიკის ზრდას.
მემორანდუმის ხელმოწერის მიზანი, მასში ხაზგასმული საკითხების გარშემო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ ბიზნესგაერთიანებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნაა. მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და 100-მდე წამყვანი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.