აჭარას პოლონეთის სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად მოინახულეს „აჭარის ონკოლოგიურ ცენტრი", „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010" და „ბათუმის რეფერალური საავადმყოფო".
სილეზიის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011-2013 წლებში პოლონეთში სილეზიის გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში" აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ, 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი.
მიმდინარე წელს პოლონეთში ონკოლოგიისა და რევმატოლოგიის მიმართულების ექიმებისა და მედდებისათვის დაგეგმილია ტრენინგებისა და სტაჟირების პროგრამის განხორციელება.
სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაციას ვიცე-მარშალი მარიუშ კლეშევსკი ხელმძღვანელობს. 6 კაციანი ჯგუფი ბათუმს დღეს ეწვია. დელეგაცია დაკოპმლექტებულია სილეზიის სავოევოდოს მთავრობის, სილეზიის სავოევოდოს რეგიონალური პარლამენტის, ეკონომიკისა და კულტურის დეპარატამენტების წევრებითა და ხელმძღვანელებით.
ვიზიტის მიზანია აჭარისა და სილეზიის მთავრობებს შორის გასულ წელს განხორციელებული ერთობლივი საქმიანობის შეჯამება და 2014 წლის თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა.