,,პოლიტიკაში მოვედით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ის რეჟიმი, რომელიც საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებდა", _ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ,,თავისუფალი დემოკრატების" დაფუძნებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,ძალიან სწრაფად გაირბინა ამ ხუთმა წელმა, ქართულ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ის რეჟიმი, რომელიც ჩვენი წარმოდგენით საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებდა და მოვედით პოლიტიკაში იმიტომ, რომ ეს მომხდარიყო სწორი გზით. სულ ვამბობდით რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა მომხდარიყო არჩევნების გზით, მაშინ ეს არაპოპულარული იყო, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს იყო სწორი და მართალი გზა და ჩვენ მართლები აღმოვჩნდით. დღეს მთავრობას ჰყავს ჩვენი კოალიციის წევრი პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ჩვენი კოალიციიდანაა, ახლა სულ სხვა ამოცანები გვაქვს დასახული. მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დამყარება, რომ ინსტიტუციურად გამყარდეს და შეუქცევადი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა. იმედი მაქვს, ათი წლის შემდეგ უფრო მეტო სალაპარაკო გვექნება", - განაცხადა ალასანიამ.